ნინო ლომჯარია: შემაშფოთებელი იყო ის ინფორმაცია, რაც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისგან მოვისმინე
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს შეხვდა.
ომბუდსმენის თქმით, მაუწყებლის ჟურნალისტების მიერ, შემაშფოთებელი განცხადებები გაკეთდა, რაც არხის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
მისივე განცხადებით, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის, რასაც სახალხო დამცველი აკვირდება.
“შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რაც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისგან მოვისმინე. საკმაოდ სახიფათო პროცესებთან გვაქვს საქმე. არ მგონია, რომ ეს ცალკეულ ჟურნალისტებს ეხებოდეს. თუ ასე გაგრძელდა, ვფიქრობ, საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ჟურნალისტების კრიტიკული საქმიანობა, მათი სიტყვის თავისუფლება”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი დღესვე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელს გიორგი კოხრეიძეს შეხვდება.