ნათია თურნავა: მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის იმისთვის, რომ ჰესი აშენდეს
„ჩვენ მივაგენით იმ სწორ ბალანსს, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ნაპოვნი მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის იმისთვის, რომ ჰესი აშენდეს. ჩვენ შეიძლება იმ ტემპით ვერ ვვითარდებით, რაც ენერგეტიკოსებს გაუხარდებოდათ და ჩვენს ეკონომიკას სჭირდება, მაგრამ ტემპი იზრდება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების ხელშეწყობაა. როგორც მან აღნიშნა, ჰესების მშენებლობის პერიოდის გახანგრძლივება 2017 წლიდანაა აქტუალური, როდესაც ქვეყანამ შესაბამისი კანონმდებლობა გაამკაცრა.
„მანამდე ჰესის მშენებლობა შედარებით მარტივი იყო. დღეს გაცილებით მეტი მუშაობა მართებს მთავრობას და ინვესტორს, რადგან მომზადდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, ამაღლდა სოციალური პასუხისმგებლობა, მოსახლეობამ გაათვითცნობიერა, რომ გაცილებით მეტის მოთხოვნის შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ საკუთარი სოციალური თუ გარემოსდაცვითი უფლებები დაიცვას. ყოველივე ეს დიდ სამუშაოს საჭიროებს. ამის გამო, რიგი ობიექტების მშენებლობა შეფერხებული იყო და დღესაც ფერხდება”, – განაცხადა მინისტრმა.
ამის მიუხედავად, მინისტრის ინფორმაციით, ბოლო წელიწადში რამდენიმე ენერგოობიექტი გაიხსნა.
„ჩვენ ისინი ზედმეტი ხმაურის გარეშე გავხსენით. ზოგჯერ, როდესაც არ არის აჟიოტაჟი, თქვენც, მედია არ ინტერესდებით და ამიტომ თქვენი ყურადღების მიღმა რჩება, რომ მცირე და საშუალო ჰესები შენდება. ჩვენ სტატისტიკა გამოვაქვეყნეთ და ბოლო თვეებში 11 ახალი მცირე და საშუალო ჰიდროსადგური ამოქმედდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ 20-30 ადამიანის დასაქმებისთვის თითოეულ იმ რეგიონში, სადაც ეს სადგურები ამოქმედდა. ეს არის 200 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. ესაა დამატებით დაახლოებით 100 მგვტ. დადგმული სიმძლავრე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება მსხვილი ჰესების მშენებლობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისტორიული უწოდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ კონტრაქტს “ნამახვანი ჰესის” მშენებლობის შესახებ. „ნამახვანის ისტორიული კონტრაქტი წლებია, მზადდებოდა. ჩვენ ვეხმარებით ინვესტორს და ვვარაუდობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით იქნება მშენებლობის ნებართვა აღებული და მშენებლობა დაიწყება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება ასევე ქარის ენერგიის ათვისების მიმართულებაზე გაამახვილა.
„საქართველოში ქარის რამდენიმე ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე ვმუშაობთ. მთავრობის ბოლო ორ სხდომაზე ჩვენ ორ ასეთ პროექტს დავუჭირეთ მხარი,” – განაცხადა ნათია თურნავამ.