ამირან სალუქვაძე: “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ბიუჯეტის უქონლობის გამო, ძალოვნებს ხელფასებს ბიძინა ივანიშვილი უხდიდა

ექსპერტი ამირან სალუქვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

სალუქვაძის განმარტებით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ბიუჯეტის უქონლობის გამო, ძალოვნებს ხელფასებს ბიძინა ივანიშვილი უხდიდა.

“ექს-პრეზიდენტი მოუწოდებს ძალოვნებს არ შეასრულოთ ბრძანებები, ხელფასს ხალხი გიხდით, ივანიშვილი არაო. უნდა განვმარტო ეს მარტივი გარემოებები. 1. შევახსენებ საზოგადოებას, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ბიუჯეტის უქონლობის გამო, ძალოვნებს ხელფასებს (აღჭურვილობის და ჩასაცმელის საფასურსაც) ბიძინა ივანიშვილი უხდიდა, ოღონდ არა იმისათვის, რომ ვინმეს მორჩილებაში ყოფილიყვნენ, არამედ შეესრულებინათ კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობები და, მათ შორის, ხელმძღვანელობის, და არა ხალხის, კანონიერი ბრძანებები. 2. დღეს, ძალოვანი სტრუქტურები, დიახ, ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის მიერ ფინანსდებიან, მაგრამ ასევე იმისათვის, რომ შეასრულონ არა ხალხის ბრძანებები, არამედ კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობები, მათ შორის ხელმძღვანელობის ბრძანებები. 2006 წლიდან მოყოლებული ყოველი საპროტესტო თუ სხვა აქციების დროს მიწევს პოლიტიკოსებისთვის შეხსენება – პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, ერთმანეთში გაარკვიეთ საქმეები, ძალოვნებს დაანებეთ თავი, ნუ ცდილობთ ქვეყნის სისტემურ შერყევას!”,- წერს სალუქვაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში წერილობითი მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია “მინდა მივმართო უკანონო ბრძანების შემსრულებელს, საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, სპეცრაზმის წევრებს. იმ ხალხს, ვისაც საქართველოს მოქალაქეები უხდიან ხელფასს. ასლან აბაშიძე იყო ასეთი, რომელიც გაიქცა ივანოვის თვითმფრინავით რუსეთში, თან წაიყვანა სულ ოთხი, თუ ხუთი ადამიანი. ციხეში ჩატოვა გენერალი დუმბაძე რომელიც კბილებით იცავდა მას და ასრულებდა ყველა უკანონო ბრძანებას. სამაგიეროდ მერე გამოაგზავნა სპეციალურად თვითმფრინავი და წაიყვანა თავის ძაღლი “ბასმაჩი”. ივანიშვილს თავის ზებრა და სხვა ცხოველები უფრო მეტად უყვარს, ვიდრე თითოეული თქვენგანი. ეჭვი მაქვს, რომ ხალხს საერთოდ არ წაიყვანს და არც ერთი თქვენგანი არ გაახსენდებით, ამიტომ გთხოვთ, ცოტა დაფიქრდით, ივანიშვილი პრაქტიკულად ჩამოშლილია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები