რომან გოცირიძე: არც მაჟორიტარებს, არც ხუნდაძეს, არც დაჩის და არც მაჩის არავინ არაფერს ეკითხება
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.
გოცირიძის შეფასებით, ყველა ბიძინა ივანიშვილის პაიკია.
“დიმიტრი ხუნდაძის ამ აცეტებას და საკუთარი თავის წარმოჩენას, თითქოს რაღაცას წყვეტდეს, არის ძალიან კომიკური. არც მაჟორიტარებს, არც ხუნდაძეს, არც დაჩის და არც მაჩის არავინ არაფერს ეკითხება. ყველანი არიან ივანიშვილის პაიკები. არ მგონია, რომ დაპირისპირება იყოს რაღაც ხელოვნურად დადგმული. უბრალოდ არ იციან რა უნდა ივანიშვილს. როგორც კი გაიგებენ, რომ ივანიშვილის სურვილს ახმოვანებს რომელიმე მაჟორიტარი, დაპირისპირების ნაცვლად წავლენ რესტორანში, ჩაეხუტებიან ერთმანეთს და იქეიფებენ, როგორც მოხდა ეს კანონპროექტის ჩავარდნის დროს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
დიმიტრი ხუნდაძე და სხვა 9 მაჟორიტარი უმრავლესობის ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მაინც დაარეგისტრირებენ. მაჟორიტარები მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას უკვე იწყებენ.