კონგრესმენი კრის სმითი – “ათწლეულზე მეტია, რაც რუსეთმა საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია მოხდინა“

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე „დიდ რვიანში“ რუსეთის დაბრუნების საკითხზე დებატები გაიმართა, რომლის მსვლელობის დროს, კონგრესმენმა კრის სმითმა განაცხადა, რომ ათწლეულზე მეტია რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა.

„ათწლეულზე მეტია, რაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპირება, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს. ბატონო სპიკერო, მე ვიყავი თბილისში, პუტინის მიერ სამხრეთ ოსეთში შეჭრიდან ერთი კვირის თავზე, როდესაც მოსალოდნელი იყო იგი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის მიმართულებით თბილისისკენ დაძრულიყო. მე ჩემი თვალით ვნახე იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, დაღუპულები, დაჭრილი ხალხი. საბჭოთა კავშირის წარსული დღეების განმეორება მოხდა ვლადიმერ პუტინის მიერ. პუტინმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. ეს მან გააკეთა დაუსჯელობით, მისი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და დემოკრატიული საზოგადოების სტანდარტების უარყოფით. ამ შეჭრებმა და ოკუპაციამ განაპირობა ათასობით ეთნიკური უკრაინელი და ქართველის იძულებით ადგილმონაცვლეობა. შედეგად მივიღეთ ამ ორი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევები. უფრო მეტიც, რუსეთი ერევა აშშ-ისა და ევროპაში ჩვენი მოკავშირეების დემოკრატიულ არჩევნებში, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა პუტინის სრული უპატივცემულობა იმ ფასეულობებისა და რწმენისადმი, რომელსაც „დიდი შვიდეულის” სხვა წევრი სახელმწიფოები იზიარებენ“,-აღნიშნა კონგრესმენმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „დიდ რვიანში“ რუსეთის დაბრუნებას მხარი არ დაუჭირა. ამერიკელი კონგრესმენების განცხადებით, მოსკოვი G8-ში იქამდე არ უნდა დაბრუნდეს სანამ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არ სცემს პატივს.

2020 წელს „დიდი რვიანის“ სამიტს აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი, შტატების პრეზიდენტების რეზიდენციაში კემპ-დევიდში უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები