ფატუ ბენსუდა არ გამორიცხავს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილება 2020 წელს დადგეს

ჰააგის სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები დადგეს.

​იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ფატუ ბენსუდამ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრისას განაცხადა.

„შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზე ხორციელდება.

​როგორც შეხვედრაზე პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები დადგეს. ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფატუ ბენსუდას, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები