დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

4-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ეწვევა ბრატისლავას, სადაც ეუთოს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს და საკუთარ გამოსვლაში საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტებზე ისაუბრებს.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადების გაკეთება და ასევე ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მისალმება.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალინი მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრას გამართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟიზეფ ბორელისთან, ასევე, კოლეგა მინისტრებთან და ეუთო-ს სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის – ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ასევე სუამი-იაპონიის მინისტერიალი გაიმართება.

ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინგიზ აიდარბეკოვი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ხელს მოაწერენ 2020-2021 წლებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები