სალომე სამადაშვილი: ყველანაირი მოწოდება, რომელიც ქვეყანაში მოქალაქეებს შორის ურთიერთობებს ძაბავს, სახიფათოა
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა.
სამადაშვილის განმარტებით, ყველანაირი მოწოდება, რომელიც ქვეყანაში მოქალაქეებს შორის ურთიერთობებს ძაბავს, სახიფათოა.
“მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ ყველანაირი მოწოდება, რომელიც ძაბავს ქვეყანაში მოქალაქეებს შორის ურთიერთობებს არის სახიფათო და ამ თვალსაზრისით პირველ რიგში პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ ძალას ეკისრება, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს”,- განაცხადა სამადაშვილმა.
გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა, “ხელისუფლებას ვაფრთხილებ ღმერთმა დაგვიფაროს ამ გაწევ-გამოწევაში და ამ ბავშვების ცემა-ტყეპაში ვინმე არ შემოგაკვდეთ, თორემ პიკეტი კი არა ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას. ფრთხილად იყავით ბიძინა და პოლიციელებო, ვინმე არ შემოაგაკვდეთ, თორემ სახელით და გვარით მოგაკითხავთ ყველას. ტყავში დაეტიეთ პოლიციელები, აღარ გიჩლიქავთ ენას”.