გერმანიის საგარეო უწყება ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

შესაბამისი ნოტა საგარეო უწყებაში, გერმანიაში რუსეთის ელჩს სერგეი ნეჩაევს გადაეცა.

გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქვეყნის მთავრობამ აღნიშნული ნაბიჯით მოახდინა რეაგირება იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება, დაჟინებული მოთხოვნების მიუხედავად, მკვლელობის გამოძიებაში არასაკმარისად მონაწილეობდა.

აღნიშნული მოლოდინი იქნა გამოთქმული 20 ნოემბერს ელჩ ნეჩაევთან შეხვედრაზე.

გერმანიის მთავრობა მომხდარის გამოძიებას გააგრძელებს. მნიშვნელოვანია, ამ მხრივ რუსეთის ხელისუფლების სერიოზული და დაუყოვნებლივი მონაწილეობა, მითუმეტეს, რომ მომხდარის გამოძიება ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ აიღო თავზე, რადგან არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ მკვლელობა, ან რუსეთის სახელმწიფო ორგანოების, ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის დაკვეთით განხორციელდა“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

აღნიშნულს რუსეთის საგარეო უწყებაში უკვე უპასუხეს, სადაც აღნიშნეს, რომ ბერლინის ნაბიჯი უსაფუძვლო და არამეგობრულია და მას სარკისებრ პასუხს გასცემენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები