ნიკა გვარამია კვლავ აჯანყებაზე საუბრობს და მაგალითად გაეროს კონვენცია მოჰყავს
“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის დაწყებამდე დამატებით განმარტებებს აკეთებს.
მისი თქმით, მას ხელისუფლების დამხობის არანაირი გეგმა არ აქვს.
“არანაირი გეგმით არ ვაპირებ ხელისუფლების დამხობას, მე არ ვარ შეიარაღებული ძალების მეთაური და არც პოლიტიკური ძალის. მე ვგულისხმობ ხელისუფლების შეცვლას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ზეწოლით და პრესით. კანონმდებლობით დასჯადია, მოწოდება, რომელიც იწვევს ხელისუფლების დამხობას და ლეგიტიმური ხელისუფლების მოთხოვნების შეუსრულებლობისაკენ მოწოდებას. ხელისუფლებაში მე ვერ ვიგულისხმებ ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლების უზურპატორს. როდესაც ხელისუფლება უზურპირებულია ის კარგავს ლეგიტიმაციას. საერთაშორისო კონვენციები გვაძლევს გარანტირებულ შესაძლებლობას, რომ ავჯანყდეთ ასეთი ხელისუფლების წინააღმდეგ.
შეგიძლიათ წაიკითხოთ, გაეროს 48 წლის კონვეცია და ამოიკითხავთ ამ სიტყვებს. ოპოზიციასთან ერთობლივი გეგმა როგორ მექნება, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვგულისხმობ. ჩემთვის ამ ქვეყნის ბედს ადამიანები უნდა წყვეტდნენ”, – განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში დაწერა: “საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ იყვნენ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე. ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ ! სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და – სამშობლოს დავკარგავთ”.