„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განახლებულ ვერსიაზე მუშაობა დასრულდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განახლებულ ვერსიაზე.

როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, კანონის პროექტის საჯარო განხილვები გაიმართება შემდეგ დღეებში:
“4 დეკემბერი, 14:30 სთ. – (მის: მარშალ გელოვანის #6, ადმინისტრაციული შენობის II კორპუსი, II სართული, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დიდი დარბაზი)
11 დეკემბერი, 14:30 სთ. – (მის: მარშალ გელოვანის #6, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დიდი დარბაზი);
13 დეკემბერი, 14:00 სთ. – (მის: მარშალ გელოვანის #6, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დიდი დარბაზი)
საჯარო განხილვებზე დასწრება თავისუფალია”! – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნისა და ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის მიზნით.
კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო 2013 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. 2018 წელს ჩატარებული საჯარო განხილვის შემდგომ წარმოდგენილი კომენტარები და შენიშვნები, შეძლებისდაგვარად, აისახა კანონპროექტში.
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის კონკრეტული მიზნებია უზრუნველყოს: ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების სახეობების დაცვა და ხანგრძლივვადიანი შენარჩუნება; ჰაბიტატების დაცვა და შენარჩუნება ზურმუხტის ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის გზით; ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას აღნიშნულ სახეობებს; გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები