ერდოღანი პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების დაცვასთან დაკავშირებით ნატოს გეგმის ბოიკოტირებით იმუქრება
თურქეთი პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების დაცვასთან დაკავშირებით ნატოს გეგმებს მხარს არ დაუჭერს, თუ ალიანსი სირიის “ქურთთა მუშათა პარტიის” წევრებს ტერორისტებად არ გამოაცხადებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს ნატოს ლონდონის სამიტზე გამგზავრებამდე განუცხადა.
„გუშინ ველაპარაკე პოლონეთის პრეზიდენტს. მან მითხრა, ხომ არ შევხვედროდით პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები. ვუთხარი: სიამოვნებით, რატომაც არა. მაგრამ, თუ ჩვენი ნატოელი მეგობრები ტერორისტებად არ აღიარებენ იმ ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომლებსაც ჩვენ ასეთებად მივიჩნევთ და რომლებსაც ვებრძვით, ნებისმიერი ნაბიჯების წინააღმდეგ ვიქნებით, რომელიც ნატოს მხრიდან იქნება გადადგმული“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, საკუთარი პრიორიტეტების დასაცავად, რომლებიც მისი გეოგრაფიული მდგომარეობით არის განსაზღვრული. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ „უსაფრთხოების ქოლგა“, რომელიც ნატო წევრ ქვეყნებს სთავაზობს, ანკარასთვის მნიშვნელოვანია. „მაგრამ ასევე ცხადია, რომ ალიანსი განახლებას საჭიროებს. ნატო გაცილებით გაბედულად და ეფექტურად უნდა მოქმედებდეს, განსაკუთრებით ტერორისტული ორგანიზაციების საფრთხის წინაშე“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.