თბილისში 4 წლის ბავშვმა ქვაბში “ბომბაჩკა” ჩააგდო – “ძალიან ცოტას გაუმართლა ისე, როგორც ამ ბავშვს”

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად თბილისში მცირეწლოვანმა ბავშვმა დაზიანება მიიღო.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ მცირეწლოვანს ​სახის მარჯვენა მხარე აქვს დაზიანებული, თუმცა ჭრილობა ღრმა არ არის.

„გუშინ შემოვიდა ოთხი წლის ბავშვი კლინიკაში. თუ არ ვცდები, ქვაბში ჩააგდო და აფეთქების შედეგად იქედან ამოვარდა. საბედნიეროდ, ბავშვს თვალი გადაურჩა. ახლა დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში წევს და სასიხარულოა, რომ ძალიან ღრმა დაზიანებები არ აღენიშნება.

თუ შარშანდელ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, ძალიან ცოტას გაუმართლა ისე, როგორც ამ ბავშვს. წელს პირველი პაციენტია, ვინც პიროტექნიკის შედეგად დაზიანებებით მოგვმართა. ზოგადად, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით არდადეგების პერიოდში იმატებს, როდესაც ბავშვებს მეტი თავისუფლება აქვს. თუმცა, მხოლოდ ბავშვები არ მოდიან პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებებით.

რაც არ უნდა უსაფრთხოდ გამოიყურებოდეს ასაფეთქებელი, მას თავისი მუხტი მაინც აქვს. ამიტომ, არასწორი გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზული დაზიანებები შეიძლება მივიღოთ. ე.წ. მცირე ზომის “ბომბაჩკები” რომაა, თუ ის პატარა ბავშვმა დახურულ მუჭში მოითავსა, საკმაოდ სერიოზულ ტრავმას მიიღებს,” – ამბობს გუგა ქაშიბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები