პროკურატურა ადეიშვილ-მელიას მიმართ გამოტანილ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ თავმჯდომარეს კი დაეკისრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით, ასევე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო, საქართველოს სსკ-ის 25, 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ასევე დამატებით სასჯელად მას 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გამოყენებით, მას საბოლოოდ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა და 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება ჩამოართვა.
ამავე განაჩენით აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თავმჯდომარე ნიკანორ მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით, ასევე ამნისტიის გამოყენებით 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 25,2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზურაბ ადეიშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების დახმარებით მოახდინა „ბანკი ქართუ“-ს მოვალე კომპანიების მიერ ქართუ ბანკიდან სესხის აღებამდე თარიღით, სახელმწიფოს წინაშე არარსებული ვალის აღიარება, რითაც კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფომ კომპანიის ქონებები გაიტანა აუქციონზე და მოითხოვა პირველ რიგში მის წინაშე არსებული დავალიანებების ანაზღაურება. ამის შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის ნიკანორ მელიას მითითებით, აუქციონში მონაწილეობის სავალდებულო საგარანტიო თანხის შეტანის გარეშე დაშვებული იქნა ოფშორული კომპანიები, რომლებმაც მაღალი ფასის შეთავაზების გზით გაიმარჯვეს გამართულ აუქციონებში, შემდგომ კი შეგნებულად არ გადაიხადეს ქონებების საფასური. შედეგად ქონებები გადაეცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო ბანკის იპოთეკა გაუქმდა. ამის შემდეგ, ზურაბ ადეიშვილის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებმა უზრუნველყვეს პრეზიდენტის განკარგულების პროექტების მომზადება ქონებების წინასწარ შეთანხმებული არარეალურად დაბალი ფასით „ბანკი ქართუს“ მოვალე კომპანიების მიერ ნდობით აღჭურვილ და შერჩეულ პირებზე მიყიდვის შესახებ, რითიც ფაქტიურად ხსენებულ პირებს უკან დაუბრუნდათ ქონებები, ხოლო ს.ს. ,,ბანკ ქართუს“ მოესპო სესხის სახით გაცემული140 მილიონი ლარის დაბრუნების საშუალება.

სასამართლოს განაჩენის დასაბუთებული ნაწილის შესწავლის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების თაობაზე”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები