არჩილ თალაკვაძე: არჩევნებთან დაკავშირებით მოცემულობა კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ეს რომ შეიცვალოს, ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებაა საჭირო
“არჩევნებთან დაკავშირებით მოცემულობა და პოზიცია არის ჩაწერილი კონსტიტუციაში და ეს რომ შეიცვალოს, ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებაა საჭირო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას უთხრა, რომ არსებობს რესურსი, შერეული არჩევნების მოდელით არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ და კონკურენტულ პირობებში.
“არჩევნებთან დაკავშირებით მოცემულობა და პოზიცია არის ჩაწერილი კონსტიტუციაში და ეს რომ შეიცვალოს, ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებაა საჭირო.
ჩვენი შეხვედრა დღეს დაიწყო კონსტრუქციულად, ვფიქრობ, რომ საკმაოდ კონსტრუქციულადაც დასრულდა. ჩვენ ვუთხარით ოპოზიციას, რომლის ნაწილიც ფიქრობს, რომ პიკეტებით თუ ბლოკირებით, რომელიც მათ ჰგონიათ, რომ არის კანონმდებლობის ფარგლებში და სინამდვილეში, ეს არის კანონმდებლობის მიღმა, – რომ ნებისმიერ დროს ვაძლევთ, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან, – პროტესტის გასაგრძელებლად. ეს არის გარანტირებული კანონით. მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს პროტესტი იქამდე ჩამოვიდა, რომ ორი დღის წინ დეპუტატებს პარლამენტში ეკითხებოდნენ დილით 9 საათზე რატომ მოხვედით პარლამენტშიო? ადამიანს კითხო დილით რატომ მოხვედი სამსახურში – არის კომიკური”,- განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური კონსულტაციებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
“მზად ვართ იმდენი შეხვედრისთვის, რამდენიც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ნორმალურ ფარგლებს დაუბრუნდეს ჩვენი პოლიტიკა და პოლიტიკოსებმა ვიმუშაოთ ისე, რომ ამით საზოგადოების ინტერესები არ დააზარალოს რომელიმე პარტიამ. ახლანდელი მოცემულობა ხელის გულზეა, წერია ეს პირდაპირ კონსტიტუციაში და დღეს „გერმანულ მოდელზე” დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სხვა პოზიციებიც, სხვა მოსაზრებებიც, რაც, მათ შორის, ოპოზიციას შეიძლება ჰქონდეს, მომავალში შესაძლოა, იყოს განხილული”,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.