გრიგოლ ვაშაძე: სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები მოჰყავთ და “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ აყვირებენ
“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მიერ ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ ქუთაისში უნიჭო სპექტაკლი დადგა.
“ეს არის ქალაქი, სადაც ინგრევა შენობები, სადაც გზები არ არის, გადათხრილ ქუჩებს წლობით ვერ აკეთებენ. ეს ის ქალაქია, რომელიც დაცლილია. აქ არის უმუშევრობა, უიმედობა, სადაც ელემენტარული პირობები არ იქმნება ამათი უნიჭო მმართველობის გამო. მოჰყავთ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები და აყვირებენ “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ. ყველანაირად ცდილობს ხელისუფლება, არაცივილური ქმედებისკენ გვიბიძგოს, მაგრამ ბატონებო, ვერ მოგართვით. არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება, ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან კონსტიტუციის ფარგლებში გათვლილ საპროტესტო მოძრაობას და გავაგრძელებთ ცივილურად მომზადებას არჩევნებისთვის. ამ სიმახინჯისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, სწორედ ქუთაისი იქნება ის ქალაქი, რომელიც მასობრივად გეტყვით უარს არჩევნებზე, უარს ეტყვის თქვენს უნიჭო იდიოტიზმს და იმას, რომ ჩვენს შვილებს შვიდი წელიწადი წაართვით“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს.