მერაბ როდონაია: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული დასაქმების პროგრამა ყველას აძლევს შანსს, საკუთარი ხელებით და შრომით უშველოს თავს და არ იყოს არავის მოწყალებაზე დამოკიდებული
ჟურნალისტი მერაბ როდონაია სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში დაანონსებულ დასაქმების პროგრამას ეხმიანება და მას დადებითად აფასებს.
მისი თქმით, მარტივი ანალიზით შესაძლებელია, რა მდგომარეობაში არიან დღეს უცხოეთში, ლეგალურად თუ არალეგალურად დასაქმებული ადამიანები და ქვეყანაში დარჩენილი მილიონამდე დაუსაქმებელი.
„ვერც “ნაცობას” დამაბრალებს ვერავინ, ვერც “ქოცობას”. ჩემს ვოლს თუ ჩამოჰყვებით, 90% ალბათ კრიტიკულ პოსტებს უჭირავს, მაგრამ გვაქვს ფაქტობრივი მოცემულობები, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლით ვერანაირად. არაერთი სიუჟეტი გვინახავს ჩვენი თანამემამულეების უმძიმეს პირობებში მუშაობის შესახებ თუნდაც მეზობელ თურქეთში, სადაც მხოლოდ გასულ წელს 27 000 გრძელვადიანი სამუშაო ვიზა გაიცა საქართველოს მოქალაქეებზე. ეს რაც ოფიციალურად არის რეგისტრირებული, რეალურად კი შეუდარებლად მეტია. დასაქმებულთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ საზღვრის კვეთის სტატისტიკას თუ ვნახავთ, მილიონამდე გადასვლა განხორციელდა თურქეთში. ძნელია ითქვას, რამდენი გადავიდა აქედან დასაქმების მიზნით, არის ერთი და იგივე პირების მიერ მრავალჯერადი კვეთაც, მაგრამ მინიმუმ 5% რომ ავიღოთ, უკვე 50 000 გამოდის. და ეს მხოლოდ თურქეთია, სადაც ქართველების ძალიან დიდი ნაწილი თავს გრძნობს არა მარტო დაუცველად, არამედ შეურაცხყოფილადაც. ხშირია გაურკვეველ ვითარებაში მათი გარდაცვალების და მკვლელობის ფაქტებიც. სხვა მიზეზებზე რომ არაფერი ვთქვა, ჩემთვის მარტო ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ივანიშვილის ამ ინიციატივას მხარი დავუჭირო და ვისურვო მისი უპირობო განხორციელება. შეგვიძლია მარტივი ანალიზი გავაკეთოთ, რა მდგომარეობაში არიან დღეს უცხოეთში, ლეგალურად თუ არალეგალურად დასაქმებული ადამიანები და ქვეყანაში დარჩენილი მილიონამდე დაუსაქმებელი. ბევრ ინფორმაციას ვიღებთ, თითქმის ყველას გვყავს იქ 2-3 ახლობელი თუ მეტი არა. ხომ ხვდებით, როგორი შვება იქნება მათთვის ამ იდეის საქმედ ქცევა?! მიგრაციის შესაძლო ახალ ტალღას რაც შეეხება, აბსურდია. ადამიანები არ დაკარგავენ გარანტირებულ სამუშაო ადგილებს, არ დაკარგავენ ოჯახს, არ დაკარგავენ პერსპექტივას, რომელსაც აძლევს ეს იდეა. გამონაკლისები იქნებიან, რა თქმა უნდა. შესაძლოა ბევრი, პირიქით, მობრუნებული და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უკეთესი სამუშაო პირობებით წასული ვიხილოთ. მოკლედ, რაც არ უნდა უნიათო ხელისუფლება გვყავდეს, ეს იდეა ყველას აძლევს შანსს, რომ საკუთარი ხელებით და შრომით უშველოს თავს. არ იყოს არავის მოწყალებაზე დამოკიდებული და სამუდამოდ დავალებული, რომ 300-500-ლარიან სამსახურში „მოაწყო”,- წერს მერაბ როდონაია.
როდონაია პროცესში ოპოზიციის ჩართულობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ შეიძლება ეს უარესიც აღმოჩნდეს, ვინაიდან არც მათ უმრავლესობას აწუხებს ადამიანთა ბედი.
„ეს არანაირად არ ცვლის ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას “ოცნების” და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ჩემთვის ახლაც ისეთივე უნიათოები არიან, როგორებიც იყვნენ და არ მაქვს იმედი, რომ ისინი ამოქაჩავენ ქვეყნის ეკონომიკას ისე, რომ რამდენიმე წელიწადში აქ იყოს შესაძლებელი ქართველთა სრული დასაქმება. რომ ეთქვა ეს, მორიგი ტყუილი იქნებოდა და არც არავინ დაიჯერებდა.დავუშვათ, რომ ესეც ფანდია, მაგრამ განხორციელება სრულიად რეალურია. შეუძლებელი ამაში არაფერია. ერთი, რაც მაეჭვებს, ეს არის „ოცნების” უნარი, რომელიმე მისაღები იდეა განახორციელოს ისე, რომ ამან რეალური სარგებელი მოუტანოს ხალხს. აი, ეს მართლა მაფიქრებს. მაშფოთებს აზრი, რომ ამ საქმეს ჩააგდებენ და უარეს შედეგს მივიღებთ ამ უუნარო ხელისუფლებისგან!
ოპოზიციაც რომ ჩაერთოს პროცესში, შესაძლოა უარესი აღმოჩნდეს, რადგან არც მათ უმრავლესობას აწუხებს ხალხის ბედი. აჟიტირებულ პოლიტიკანებს, პარტიული ინტერესების გამო, შეუძლიათ საბოტაჟზეც წავიდნენ”,- წერს მერაბ როდონაია.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, 27 ნოემბერს, ტელე „იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ 2-3 წელში, საქართველოს მოქალაქეებს (აქ უმუშევრად დარჩენილებსაც და არალეგალურ შრომით მიგრაციაში მყოფებსაც (სულ, მისივე დათვლით, დაახლოებით, 2 მილიონამდე ადამიანს), შეეძლებათ ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად (მისივე სიტყვით, „ღირსეულად”) დასაქმება. ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა „მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან (გერმანია, პოლონეთი, ისრაელი…) შეთანხმებების გაფორმებაზე”.
ამისთვის, ივანიშვილის სქემით:
საქართველოს ყველა კუთხეში უნდა გაიხსნას პროფესიული სასწავლებლები, სადაც უფასოდ გადამზადდებიან სპეციალისტები ევროპული შრომითი ბაზრებისთვის;
ისინი შეძლებენ ლეგალურად დასაქმდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, მსგავსად პოლონეთის, ბალტიისპირეთის თუ ბულგარეთის მოქალაქეებისა;
საქართველოს მთავრობა კი გაზრდის იაფი რეისების სუბსიდირებას (ქუთაისის აეროპორტის ფრენები) იმისათვის, რომ, მაგალითად, პარიზში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს თვეში ერთხელ მაინც (ივანიშვილის თქმით, 35 ევროდ) შეეძლოთ სამშობლოში ჩამოფრენა და ოჯახის მონახულება.