“გიგოს გორა – თელავის გოლგოთა“ – ფილმის პრემიერა თელავში გაიმართა
“გიგოს გორა – თელავის გოლგოთა“ – ამ სახელწოდებით ფილმის პრემიერა გაიმართა დღეს თელავში.
ისტორიულ მუზეუმში მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ საბჭოთა რეპრესიების და რეპრესირებული თელაველების ისტორია. 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმი ტრაგიკულ ისტორიებს ასახავს, რომლებიც ადამიანების დახვრეტით მთავრდებოდა. ფილმში ასევე, ნაჩვენებია გასროლილი ტყვიები, მასრები და ადამიანების ნეშთის ის ფოტოები, რაც გიგოს გორაზე აღმოაჩინეს.
ფილმის ავტორმა „რეგიონულ კვირასთან“ აღნიშნა, რომ თელაველებისთვის ფილმი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან დავიწყებას არ მიეცეს ის ისტორია, რაც მათ ქალაქში ხდებოდა.
„დღევანდელ თელავს და მომავლის თელავს აქვს ფილმი, რომელშიც მისი ისტორიაა გაცოცხლებული, მეტიც, დღევანდელ ეპოქაში, როდესაც ადამიანები ისტორიას ივიწყებენ, აუცილებელია შევუძახოთ რა იყო ჩვენი ისტორია, რომ ასეთი საშინელება აღარ განმეორდეს „- აღნიშნა სიმაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ მომზადებული ფილმი “გიგოს გორა – თელავის გოლგოთას” რეჟისორი და სცენარის ავტორი, მიხეილ ბერინაშვილი ამბობს, რომ ფილმზე მუშაობა დაახლოებით, 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა .
„ როგორც კვლევის, ისე სცენარზე მუშაობა დაახლოებით 7-8 თვის განმავლობაში გაგრძელდა. საკმაოდ ემოციური იყო, როგორც რეჟისორისთვის ფილმზე მუშაობა. აუცილებელია მომავლმა თაობამ იცოდეს, რა ხდებოდა მაშინ. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ქვეყნისთვის“,-აღნიშნავს რეჟისორი.