ლევან დავითაშვილი: დავეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, რომ პროპორციული არჩევნები ერთადერთი სამართლიანი სისტემაა, ხოლო შერეული სისტემა არარეალური და არასწორია
„დღეს ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის გარანტირებული და დაცული. თუმცა, პროტესტის ფორმები უნდა იყოს მხოლოდ კანონიერი. რაც შეეხება მოსახლეობის განწყობას – 2020 წელს ჩატარდება არჩევნები, სადაც ადამიანებს საკუთარი ნების გამოხატვის უფლება ეძლევათ. არჩევნებზე მოსახლეობა დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას და ხმას მისცემს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ემხრობა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ლევან დავითაშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ გასულ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუსაც გამოეხმაურა.
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან იყო განსაზღვრული. ჩვენ დავინახეთ და ამაზე პარტიის თავმჯდომარემ საკუთარ ინტერვიუშიც განაცხადა, რომ მთელი პროცესი საკმაოდ დესტრუქციულ ფონზე მიდიოდა. პროცესებმა გუნდში გარკვეული ბზარი შეიტანა და უმრავლესობაში კონსოლიდირებული პოზიცია, რომ პროპორციული სისტემის შემოღება უფრო ადრე მომხდარიყო, არ შედგა, რაც სამწუხაროა, პირადად ჩემთვის და ბევრი ჩემი თანაგუნდელისთვის. ალბათ უფრო ადეკვატური და მისაღები იქნებოდა, პროპორციული არჩევნები უფრო ადრე ყოფილიყო შემოღებული ქვეყანაში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილმა მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობას რეგულარული კომუნიკაცია აქვს, როგორც საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
„ჩვენ გვაქვს სწორი კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის იმიჯის შენარჩუნებისათვის. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციასა და იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს ის დესტაბილიზაცია, რომელიც ქვეყანაშია და რომელსაც უმცირესობა ქმნის. ის რაც კანონდარღვევით ხდება, რისკებს უქმნის ჩვენს ქვეყანას, მათ შორის, ეკონომიკურ სტაბილურობას და ეკონომიკის განვითარებას, რაც ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან ის, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დავაზიანოთ, დიდ დროს საჭიროებს გამოსასწორებლად“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.