ლონდონის სამიტზე საქართველო იქნება წარმოდგენილი – უკრაინა კი, ალიანსს არ მიუწვევია
ლონდონში ნატოს სამიტის პარალელურად კიდევ ერთი მაღალი დონის ღონისძიება გაიმართება – კონფერენციაზე NATO Engages, საქართველო, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სახით იქნება წარმოდგენილი, უკრაინა კი, კონფერენციაზე მიწვეული არ არის.
ამის შესახებ უკრაინული გამოცემა წერს.
კონფერენციის NATO Engages-ის მონაწილე ქვეყნები მკაცრად განსაზღვრული არ არის.
მასალაში აღნიშნულია, რომ კონფერენციის ფარგლებში ზალკალიანს ექნება შესაძლებლობა კოლეგებს შეხვდეს და მათ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებები შეახსენოს, მაშინ როდესაც უკრაინას ამის გაკეთების შესაძლებლობა არ მიეცა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ეს ფაქტი “ევროატლანტიკური ინტეგრაციის ღალატზე” ჯერ არ მიუთითებს, თუმცა უკრაინის ხელისუფლების მიერ არჩეული ტაქტიკა კითხვებს ბადებს. ლონდონის შეხვედრა კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ნატოსთან ურთიერთობაში საქართველო, როგორც ჩანს, პრიორიტეტია და არა უკრაინა.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულია ნატოს გენერალური მდივნის მონაწილეობა, ასევე ალიანსის რამდენიმე ხელმძღვანელი პირის და წევრი-ქვეყნების ლიდერის გამოსვლა.
უკანასკნელად კონფერენცია NATO Engages ვაშინგტონში ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გაზაფხულზე გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მინისტერიალზე ოფიციალურად მიწვეული არ ყოფილა, კონფერენციაზე ქვეყანას მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე წარმოადგენდა.
ნატოს ლონდონის სამიტი 3-4 დეკემბერს გაიმართება.