ანრი ოხანაშვილი: მისასალმებელია, რომ შეწყალების ახალ წესზე პრეზიდენტის ბრძანებულება პარლამენტის ძირითად რეკომენდაციებს შეიცავს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ შეწყალების ახალ წესზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემული ბრძანებულება იმ ძირითად რეკომენდაციებს შეიცავს, რომელიც პარლამენტმა შესთავაზა.
“როგორც წესი, იმ მსჯავრდებულთა შეწყალება უნდა გამოირიცხოს, ვინც მსჯავრდებულნი არიან ქალის, ბავშვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სხვა მოწყვლადი პირების მიმართ განხორციელებულ დანაშაულში. ასევე ძებნილ პირებზე უნდა გამოირიცხოს შეწყალება. ხაზგასასმელია ისიც, რომ ბრძანებულების ტექსტი ითვალისწინებს კონსულტაციების გავლას პრეზიდენტის მხრიდან სახელმწიფო უწყებებთან, ან დარგის იმ სპეციალისტებთან, რომელთანაც პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ, რომ საჭიროა შეწყალებამდე კონსულტაციის გავლა. რაც შეეხება ამის პრაქტიკულ გამოყენებას, ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. კონკრეტული საქმე პრეზიდენტმა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, შეწყალების თუ არშეწყალების საკითხი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეწყალების ახალ კრიტერიუმებზე პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში უკვე შევიდა. სალომე ზურაბიშვილის განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.