თამარ გაბუნია: ფასის დადგენის ნაწილი სოციალური სააგენტოს პრეროგატივაა, უწყება კი, საერთაშორისო პრაქტიკას მიჰყვება

“თუ ჩვენ მივიღებთ ობიექტურ ალტერნატიულ საფუძველს, შესაძლოა, ტარიფი გადაიხედოს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც საუბარი ძირითად მიმართულებებს შეეხო.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ფასის დადგენის ნაწილი სოციალური სააგენტოს პრეროგატივაა, უწყება კი, საერთაშორისო პრაქტიკას მიჰყვება.
“ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად იმუშავა. ეს მონაცემები შეიკრიბა, გაანალიზდა და გამოყვანილია შეწონილი საშუალო. ჩვენ, 279 მიმწოდებელი დავსხდეთ ერთად და შევთანხმდეთ რომელიმე კონკრეტულ ფასზე, ეთიკურად ეს შეუძლებელია. თუ ჩვენ გვექნება ობიექტური საფუძველი, რომ ეს პროცესი გადაისინჯოს, აუცილებლად გადაისინჯება. დღეს ჩვენ საავადმყოფოების რაოდენობა გვაქვს 279, რაც ძალიან ბევრია. აქ ეფექტურობის პოტენციალი ძალიან მაღალია. დიდი ზომის კლინიკებში პაციენტი გარანტირებულად მიიღებს მაღალი ხარისხის სერვისს და ყველაფერი ერთ ადგილას იქნება კონცენტრირებული. დადგენილება ამოქმედებულია და ძალაშია. თუ ჩვენ მივიღებთ ობიექტურ ალტერნატიულ საფუძველს, რომ ეს შევცვალოთ, ამ შემთხვევაში შესაძლოა ტარიფი გადაიხედოს”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები