ბრიტანეთის საბჭომ პარტნიორებთან ერთად სოფელ მეჯვრისხევში საგანმანათლებლო ჰაბი გახსნა

ბრიტანეთის საბჭომ პარტნიორებთან ერთად სოფელ მეჯვრისხევში საგანმანათლებლო ჰაბი გახსნა. ეს არის პირველი ოფიციალური ღონისძიება, რომელიც დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახალი სამწლიანი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის სახელწოდებაა: „საგანმანათლებლო ჰაბები: გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები ძლიერი საზოგადოებისთვის“.

ბრიტანეთის საბჭოს ინფორმაციით, მეჯვრისხევის საგანმანათლებლო ჰაბის ოფიციალურ გახსნაზე მოწვეულ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და ბავშვებს დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ალექსანდრა ქოული, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე და სხვა საპატიო სტუმრები მიესალმნენ, შეხვედრის მოდერაცია ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა, სამხრეთ კავვკასიასა და საქართველოში ზაზა ფურცელაძემ განახორციელა.

„საგანმანათლებლო ჰაბები“ 2017- 2018 წლებში წარმატებით განხორციელებული ინგლისური ენის კლუბების მოდელზე შექმნილ ახალ ინიციატივას წარმოადგენს. ამ წლებში საქართველოს 8 რეგიონში გახსნილი კლუბები 2019 წელს ჩამოყალიბდება საგანმანათლებლო ჰაბებად და შეემატება 5 ახალი ჰაბი. ახალი ჰაბები განთავსდება იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში ადიგენში, ლენტეხში, მეჯვრისხევში, სადახლოსა და შუახევში და აღჭურვილი იქნება სწავლებისა და სწავლისთვის აუცილებელი უმაღლესი ხარისხის რესურსებით, ტექნოლოგიითა და დამხმარე მასალებით.

საგანმანათლებლო ჰაბები ყველა რეგიონში მოსწავლეების, მასწავლებლების და თემის სხვა წარმომადგენლების მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებში უფრო მასშტაბურ ჩართულობას უზრუნველყოფს.

პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში ხორციელდება. საქართველოში პროგრამის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია.

პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდებს დაეხმაროს შეიძინონ დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. იგი ასევე ითვალისწინებს ახალგაზრდებში შემწყნარებლობის, გენდერული თანასწორობის და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დიალოგის გზით სადავო საკითხების მოგვარების და 21 საუკუნის სხვა ძირითადი უნარ-ჩვევების განვითარებას.

შერჩეულ თემებში ბრიტანეთის საბჭო ასევე იმუშავებს მასწავლებლებთან, განსაზღვრავს მათ საჭიროებებს და შექმნის პროფესიული განვითარების ისეთ შესაძლებლობებს რაც დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესში გამოიყენონ ინოვაციური სწავლების რესურსები და პრაქტიკა. შეიქმნება მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფები, რათა მასწავლებლებმა შეძლონ რეგულარულად ახალი იდეების, სწავლების პრაქტიკის და ადგილობრივი საჭიროებების ერთმანეთში გაზიარება. ბრიტანეთის საბჭო ხელს „ბრიტანეთის საბჭო ხელს შეუწყობს მასწავლებლებს გავლენა მოახდინონ გრძელვადიან პოზიტიურ ცვლილებებზე და წვლილი შეიტანონ თავიანთი თემების ერთსულოვნებასა და კეთილდღეობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები