გელბახიანი: სააკაშვილმა მითხრა, რომ ბოლოს თავის ჯგუფზე კონტროლი დაკარგა და კორუფციაც შემოეპარა
მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ბოლოს თავის ჯგუფზე კონტროლი დაკარგა და კორუფციაც შემოეპარა, -ამის შესახებ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გელბახიანმა ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„ძნელი იყო ჩემთვის, გადავახტი ჩემს თავს, იმ ადამიანს გვერდით დაუდგე, ვინც გდევნიდა, ადვილი არ არის. საქართველო მისთვისაც სასიცოცხლო ინტერესია. აქვს თავისი პრეტენზიები, რომ მან დაიწყო ქართული სახელმწიფოს მშენებლობა და ვერ წავართმევთ ამას. იყო შეცდომები, მისი ახსნა იყო, რომ კონტროლი დაკარგა თავის ჯგუფზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში ვერ აკონტროლებდა და კორუფციაც შემოეპარა.
ჩვენი საუბრის ერთერთი ძირითადი თემა იყო ის, რომ რევოლუცია უნდა გამოირიცხოს. სააკაშვილმა მითხრა, მილიონპროცენტიანი გარანტია გაქვთ, რომ მე არასდროს ვიქნები რევოლუციის მომხრეო. ის რევოლუციას არ გეგმავს“, – განაცხადა გელბახიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფილ დეპუტატებს გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს რამდენიმე დღის წინ შეხვდა.
საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
ვალერი გელბახიანი ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე 2012 წლის 20 თებერვალს დააკავეს.
“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ვალერიან გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული – შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. კერძოდ: ვალერი გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა, შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება”,- აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2012 წლის 21 თებერვალს, სასამართლომ ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი – 50 000 ლარის ოდენობით შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
თამუნა შეყილაძე