“უნდა გამერკვია, რას გეგმავდა, რას აპირებდა“ – გელბახიანი სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

„თვისობრივად არაფერი შეცვლილა. ის წარსული ვერ გადაკეთდება, რაზეც ვედავებოდით „ნაციონალურ მოძრაობას”, რის გამოც შევედით ძალიან მძიმე დაპირისპირებაში, – ამის შესახებ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გელბახიანმა ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

„თვისობრივად არაფერი შეცვლილა. ის წარსული ვერ გადაკეთდება, რაზეც ვედავებოდით „ნაციონალურ მოძრაობას”, რის გამოც შევედით ძალიან მძიმე დაპირისპირებაში და რაც არის ისტორიის ნაწილი. ძალიან მძიმე შეცდომები იყო. მე დღემდე ვრჩები იმ პოზიციაზე, რა შეცდომებიც მაშინ ფიქსირდებოდა, იგივეს ვაღიარებ დღესაც. სააკაშვილთან და მის გუნდთან მქონდა პოლიტიკური კონფლიქტი. სამართლებრივი და სამოქალქო რეფორმები არავის მოსწონდა მაშინ და არც მე. განსაკუთრებით ის მიმართულება, რომელიც ეხებოდა ადამიანის უფლებებს. იცით, რომ 5 წელი დევნაში ვიყავი ამის გამო. რა არ დამაბრალეს, ხან აგენტი ვიყავი, ხან გადამტრიალებელი. ეს პოლიტიკური რეპრესიის მეთოდი იყო და მე ერთერთი მსხვერპლი ვიყავი“, – განაცხადა გელბახიანმა.

როგორც ვალერი გელბახიანმა განაცხადა, სააკაშვილთან მისი საქმის დეტალებზეც ისაუბრა. ადვოკატის თქმით, აინტერესებდა მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდა დევნის ობიექტი.

„ნაციონალური მოძრაობის” მიმართ შეფასებები არ შეცვლილა, მაგრამ მედალს აქვს ორი მხარე. არსებობს წარსული და მომავალი. სააკაშვილს ჰყავს ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, რომლის მოქმედებას, შეიძლება ითქვას, რომ შეუძლია შეცვალოს ვითარება. გააუარესოს, დაძაბოს და ა.შ. ერთერთი ამოცანა სააკაშვილთან ჩვენი ვიზიტისა, იყო ის, რომ მასთან ესაუბრა არა მის პარტიულ წარმომადგენლებს, არამედ ქართველი ხალხის წარმომადგენლებს. ვთვლი, რომ ვარ ქართველი ხალხის ის ნაწილი, ვისაც ქვეყნის ბედი აწუხებს და სააკაშვილთან უნდა გამერკვია, რას გეგმავდა, რას აპირებდა და როგორ ფიქრობდა ის საქართველოს მომავალზე. მე ვიცი, რომ მას შეიძლება მისცენ ძალიან მაღალი თანამდებობა უკრაინაში, მაგრამ ეს თანამდებობაც არ უნდა იქნას გამოყენებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. იყო სხვა საკითხებიც – ჩემს პროექტებზე და პირად დამოკიდებულებაზეც. მაინტერესებდა მიზეზი, რატომ გავხდი დევნის ობიექტი, ვის ინტერესებში შედიოდა ეს. მივიღე პასუხი, ვისაუბრეთ ამ თემაზე, დეტალებზე, მე მაქვს ჩემი პასუხი, ჩემს პირად ნაწილში, მაგრამ ეს საჯაროდ არა მგონია სავალდებულო იყოს ამაზე საუბარი.
სააკაშვილი, ალბათ, გააკეთებს საჯარო განცხადებას, რომ იყო შეცდომები ჩემთან მიმართებაში. შევთანხმდით იმაზე, რომ დეტალებზე საჯაროდ ამ ეტაპზე არ ვისაუბრეთ.
ჩვენი საუბრის ერთერთი ძირითადი თემა იყო ის, რომ რევოლუცია უნდა გამოირიცხოს. სააკაშვილმა მითხრა, მილიონპროცენტიანი გარანტია გაქვთ, რომ მე არასდროს ვიქნები რევოლუციის მომხრეო. ის რევოლუციას არ გეგმავს “, – განაცხადა გელბახიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფილ დეპუტატებს გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს რამდენიმე დღის წინ შეხვდა.

საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
ვალერი გელბახიანი ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე 2012 წლის 20 თებერვალს დააკავეს.

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ვალერიან გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული – შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. კერძოდ: ვალერი გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა, შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება”, – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2012 წლის 21 თებერვალს, სასამართლომ ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი – 50 000 ლარის ოდენობით შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები