ჯონი ხეცურიანი: დავით უსუფაშვილის მიერ წარმოდგენილ წინადადებას სამართლებრივი ხარვეზები აქვს

მივესალმები დავით უსუფაშვილის მცდელობას, რომ წარმოადგინოს წინადადება. აქვს თუ არა მის წინადადებას სამართლებრივი ხარვეზი?! ჩემი აზრით აქვს, რასაკვირველია, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ჯონი ხეცურიანმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გერმანული სისტემის საქართველოში პირდაპირ შემოტანა არ შეიძლება.

“აქვს თუ არა მის წინადადებას სამართლებრივი ხარვეზი?! ჩემი აზრით აქვს, რასაკვირველია. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია რომ ის 77 მანდატი ნაწილდება მხოლოდ პროპორციულად, 73 არის მაჟორიტარული. გერმანულში როგორ არის – ბატონი ირაკლი კობახიძე ამბობდა: დავუშვათ, პროპორციული სისტემით აიღე 20 მანდატი, გეკუთვნის 20 მანდატი ხომ? მაგრამ 5 მაჟორიტარი გყავს გაყვანილი. თქვენ 20 მანდატს კი არ მიიღებთ, იმ 5-ს გითვლიან და 15-ს მოგცემენ. ეს რას ნიშნავს?! რომ მაჟორიტარული სისტემა შედის ამ საერთო განაწილებაში და პროპორციულ ქოლგაში ექცევა. ჩვენთან ეს ყოვლად დაუშვებელია. ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება: პროპორციულად განაწილდება 77, მაჟორიტარული იქნება – 73 და ამისგან ჩამოყალიბდება პარლამენტი. არ შეიძლება 150-დან ამის დანაწილება. 150-დან არის განაწილება უკვე 2024 წელს, როდესაც მთელი 150 მანდატი ნაწილდება პროპორციულად და ვინ რამდენ ხმასაც მიიღებს, იმდენ მანდატს ამოიღებს. ამ შემთხვევაში ეს ორი კომპონენტისგან შედგება. მაჟორიტარული არჩევნებისაგან და პროპორციული არჩევნებისაგან. ამიტომ მათი ერთმანეთთან რამე სახით დაკავშირება არაფრით არ შეიძლება. ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ეს ორი სისტემა ერთმანეთს უკავშირდება. როდის?! თუკი სიაში არის კანდიდატი, რომელიც ამავე დროს კენჭს იყრის მაჟორიტარულ ოლქში, დავუშვათ გავიდა, სია აიწევს ზემოთ – ორ ადგილზე ხომ არ იქნება?! სხვა არც ერთ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება მაჟორიტარული არჩევნების შედეგები. პროპორციული სისტემით პროპორციულად განაწილდება. აი ეს წინააღმდეგობაა. ამიტომ კონსტიტუციაში რომ წერია, რომ მანდატების განაწილების წესი კანონით განისაზღვრებაო, აქ რასაკვირველია იგულისხმება, პროპორციულის მანდატები როგორ უნდა განაწილდეს, რა სისტემით, რომელი მეთოდით და მაჟორიტარულში რა გვაქვს. იქაც უამრავი სისტემა გვაქვს. თავიდან რომ იყო ნათქვამი რომ შემოვიღოთ გერმანული სისტემა, როგორ შეიძლებოდა ის გერმანული სისტემა იმ სახით, რა სახითაც გერმანიაში მოქმედებს. იმის პირდაპირ შემოტანა არაფრით არ შეიძლებოდა, ის სრულიად შეუსაბამო იქნება. ბატონი დავითის ვერსია არის უკვე დამუშავებული, მორგებული, მიახლოებული ჩვენს სინამდვილესთან“,- განაცხადა ხეცურიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები