არჩილ თალაკვაძე: პლენარული სესია 28 ნოემბერს ჩატარდება
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით პლენარული სესია ხვალ არ ჩატარდება. საკანონმდებლო ორგანო სხდომას 28 ნოემბერს გამართავს.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ძირითად საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიღებულია, ამიტომ სხდომა ხუთშაბათს განახლდება.
“ვინაიდან ძირითადი საკითხები, რომელიც დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, ჩვენ დღეს განვიხილეთ და კენჭისყრები ჩავატარეთ, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, ასევე მინისტრის საათი და კენჭისყრები, რომელიც უკავშირდება უკვე საკადრო გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს არ არის იმდენად საჩქარო საკითხი, როგორიც იყო კომიტეტების საქმიანობის განახლებისთვის. დღის წესრიგში იყო ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტები და მათი ინიციატივები, ვინაიდან ისინი სხდომას არ ესწრებიან, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, რომ ხუთშაბათს დილით განვაახლოთ სხდომა, ანუ ხვალინდელი დღე რეალურად საკითხების განხილვისთვის აღარ იქნება საჭირო, გთავაზობთ, თუ თქვენი მხარდაჭერაც იქნება ამაზე, რომ ხუთშაბათს დილიდან განვაახლოთ სხდომა“, – განმარტა არჩილ თალაკვაძემ.