მამუკა მდინარაძე: “ნაცმოძრაობა”, რომელიც ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია, მარგინალიზაციის გზაზე დგას და მილევად რეჟიმშია

„ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისაგან, ვინც დარბაზში იმყოფებიან, ვისმენთ ორპოლუსიანობაზე საუბარს, მაგრამ ალბათ უნდა დავინახოთ, რომ “ნაცმოძრაობა”, რომელიც არის ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, მარგინალიზაციის გზაზე დგას და მილევად რეჟიმშია”, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.
​მისი თქმით, “ნაცმოძრაობა” რომ მილევად რეჟიმშია, ამას მათივე უგუნური გადაწყვეტილებები მოწმობს.
„ნაცმოძრაობამ”, ყველა შტოს ვგულისხმობ, თავი ჩაიყენეს ჩიხურ მდგომარეობაში – ისინი გვთავაზობენ მოდელს, რომლის მიხედვითაც 77 უდრის 150-ს, რომლის მიხედვითაც პროპორციული სისტემა, რომლითაც ხდება პერსონიფიცირება ნახევარი მანდატების შემთხვევაში, ნიშნავს შერეულ სისტემას, ანუ პროპორციული – იგივე შერეული. ასეთი მოთხოვნებით მათ თავად ჩაიყენეს ჩიხურ სიტუაციაში თავი და კუთხეში დადგნენ თავად. აქედან გამომდინარე, მათ მოქმედებებს განვითარება და პოზიტიური პერსპექტივა, რა თქმა უნდა, არა აქვს. ლაპარაკობენ ხალხის სახელით, მაშინ, როდესაც აკაკი ზოიძის ინიციატივას – „შევეკითხოთ ხალხს” მოყვა აბსოლუტურად უარყოფა და პანიკა მთელ მათ გუნდში. „ხალხს შევეკითხოთ” პრინციპი მათთვის მისაღები არ არის”, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის საპასუხოდ კი განაცხადა, რომ როდესაც უმრავლესობა საუბრობს, რომ არჩევნებში არ დაუყენებს კონკურენტად ღირსეულ და ამავე დროს რეიტინგულ კანდიდატებს იმ რაიონებში, სადაც ისინი დააყენებენ თავიანთ კანდიდატებს და თან პირობას ადებენ ამ დათქმას, რომ ესენი არ იქნებიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ასევე პირობას დებენ, რომ ესენი არ იქნებიან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, რომლებიც პირობითად კენჭს იყრიან დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით.
„ჩვენი წინა გადაწყვეტილებაც გავიხსენოთ, როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე ვსაუბრობდით, მაშინ ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, მათ შორის მორალური თვალსაზრისით, პარტიების განვითარების თვალსაზრისით, იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი პარტია უნდა შევიდეს საქართველოს პარლამენტში და დღეს, ჩვენი ამ გადაწყვეტილებით, მეტი გარანტია აქვთ პარტიებს თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდეთ საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
​იგი სხვა თემებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ დღეებში პოლიციის მოქმედებებში გამოჩნდა, რომ ერთდროულად შეიძლება იყო ძლიერი და ამავდროულად იყო ჰუმანური. როგორც მან აღნიშნა, ეს პრინციპი დანერგა ქართულმა პოლიციამ თავიანთი მოქმედებებით.
​მამუკა მდინარაძემ კოლეგების სახელით ყველა ჟურნალისტს, ოპერატორებს მადლობა გადაუხადა, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებენ იმისათვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია გადასცენ.
„მათ იციან თავისუფლების ხარისხი რამდენად შეზღუდული იყო 2012 წლამდე და რამდენად იზრდება დღითიდღე მათი თავისუფლების ხარისხი და ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და როგორც სურთ. რადგან ნაცმოძრაობა არის მილევად რეჟიმში, მე თქვენ გპირდებით, ძალიან მალე დამთავრდება ის დრო, როდესაც თავისუფლების ხარისხი თქვენიდან დაწყებული კიდევ უფრო გაიზრდება ამ ქვეყანაში”, – მიმართა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები