მერაბ ქვარაია: სწორედ არსებული სისტემით, ჩვენ 2012 წელს ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილი დავამარცხეთ
პარლამენტში პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ შერეული სისტემა არადემოკრატიულია, პროპორციული კი დემოკრატიული, არის სიცრუე.
მისივე თქმით, ხალხმა არჩევნების გზით საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს.
“ოპოზიცია აყალიბებს არასწორ მოსაზრებას, რომ შერეული სისტემა არადემოკრატიულია, პროპორციული კი დემოკრატიული. ეს სიცრუეა. ყველა არჩევნები უკანასკნელი სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოში ტარდებოდა დაბალანსებული შერეული სისტემით და სწორედ ამ სისტემით დავამარცხეთ ჩვენ 2012 წელს ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილი.
ასე რომ დღეს გვაქვს ერთადერთი სწორი არჩევანი: ერთად მოვამზადოთ ქვეყანა და 2020 წელს ჩავატაროთ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. დაე არჩევნების გზით ხალხმა თავად შეაფასოს წარსული და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი- აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელსაც ანდობს საკუთარ მომავალს”, – განმარტა ქვარაიამ.