„ეს არის პოლიტიკური თაღლითობა“ – კახა კოჟორიძე კალაძის განცხადებას ეხმაურება
ეს არის პოლიტიკური თაღლითობა, შეგვიძლია, ასე ვუწოდოთ კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრმა კახა კოჟორიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოჟორიძე „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მმართველ გუნდში მიიღეს გადაწყვეტილება, არ დააყენონ კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ „ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა“, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, აღნიშნული პროცესისადმი ნდობა არ აქვს. „ქართული ოცნება“ გვპირდება , რომ არ დააყენებს, თავის კანდიდატს მაჟორიტარულ ოლქში იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა ოპოზიციურ პარტიას ექნება გამარჯვების შანსი , მაგრამ სად იქნება ეს ოლქები , იქნება ისევ „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია. ეს გადაწყვეტილება დაეფუძნება მათ შეფასებასა და შეხედულებას, ისინი იტყვიან: აქ აქვთ შანსი, აქ არ აქვთ შანსი , რა თქმა უნდა, ამას საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტენ. „ქართული ოცნებამ“, შეიძლება მართლაც არ დააყენოს რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი, ისევე როგორც არ დააყენა მთაწმინდის ოლქში კანდიდატი , როდესაც სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, მაგრამ გახსოვთ თქვენ რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურად რაიმეში შეწინააღმდეგებოდა „ქართულ ოცნებას“ , როდესაც ის დეპუტატი იყო? ანალოგიურ სიტუაციას მივიღებთ, არანაირი განსხვავება არ იქნება, შესაბამისად შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ყველა ის ხმა სადაც უშუალოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატი გაიმარჯვებს, თუ გაიმარჯვებს „ქართული ოცნების“ რომელიმე სატელიტი , წავა ისევ ბიძინა ივანიშვილის ყულაბაში და მოემსახურება ამ ქვეყნის განვითარების შეფერხებას. ეს არის პოლიტიკური თაღლითობა , შეგვიძლია ასე ვუწოდოთ დღევანდელ განცხადებას. ეს თაღლითობა უკვე კარგად გამოვცადეთ და შესწავლილი გვაქვს „ქართული ოცნების“ მსგავსი ტრიუკები, ამიტომ ამ პროცესისადმი არანაირი ნდობა არ გვაქვს. რაც შეეხება გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, რომ კახი კალაძე ყველა კონსტიტუციონალისტზე ყველაზე დიდი კონსტიტუციონალისტი გამოდის. მე ვისაც ვესაუბრე, ყველა კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ შესაბამისობაშია ეს მოდელი კონსტიტუციასთან. ერთადერთი ვინც ამას უარყოფს არის ირაკლი კობახიძე და როგორც ჩანს ,ახლა შეუერთდა კახი კალაძე. ეს ასე არ არის . „ქართული ოცნება“ ამას იმიტომ ამბობს, რომ გერმანული მოდელი არ აწყობს, იმიტომ თვლიან არაკონსტიტუციურად“, – განაცხადა კოჟორიძემ.
თამუნა შეყილაძე