“ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის სხდომის პარალელურად აქცია იმართება

უმრავლესობის სხდომის პარალელურად პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალე“ აქციას მართავს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი უმრავლესობის სხდომის დასრულებას დაელოდებიან და დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები „ქართული ოცნების“ ოფისთან ტრანსფარანტებითა და საყვირებით მივიდნენ. „ბიძინა, ჩვენ ისევ მოვედით“ – ამ შეძახილებით აქტივისტები მმართველ პარტიას დანაპირების შესრულებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ჩათვლიან მიზანს მიღწეულად.

„ქართული ოცნების“ ოფისთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში 10:00 საათზე დაიწყო, სადაც უმრავლესობის წევრები პარლამენტში ვაკანტურ პოსტებზე დასანიშნ კანდიდატებზე საბოლოოდ უნდა შეჯერდნენ. სავარაუდოდ, მსჯელობა იქნება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მოსახლეობაში პლებისციტის ჩატარებისა და დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივის შესახებ, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები