ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას, მის საქმეზე მსჯავრდებული ზაზა ბაქრაძე მივიდა
ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან დღეს 15 წელი გავიდა. მკვლელობის ადგილას აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებული ზაზა ბაქრაძე მივიდა, რომელსაც აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ ხუთი წლით პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული. მისი თქმით, ის თავს ვალდებულად გრძნობს, რომ გარდაცვლილ ახალგაზრდას პატივი მიაგოს.
„თავი ჩავთვალე ვალდებულად, აქ მოვსულიყავი. ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ერთადერთია, რომ კიდევ ერთხელ მოვინანიო ის დანაშაული, რაც 15 წლის წინ მაქვს ჩადენილი. ვალდებულად ვთვლი თავს, რომ იმ ახალგაზრდა ადამიანის სულს კიდევ ერთხელ პატივი მივაგო. ჩემი ცხოვრების მანძილზე ეს დარჩება შავ ლაქად და ამ ადამიანის სულის და მისი ოჯახის წინაშე დანაშაული მაქვს ჩადენილი“, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.
ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 15 წლისთავზე, დიდუბის პანთეონთან, მისი გარდაცვალების ადგილზე დღეს მისი მშობლები და მეგობრები შეიკრიბნენ.