ნათია თურნავა: საქართველომ ღიად განაცხადა თავისი პოლიტიკური არჩევანის შესახებ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვით თანამშრომლობის ასამბლეაზე მოხსენებით გამოვიდა.

მინისტრმა ასამბლეის მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული სექტორის რეფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განსაკუთრებული ყურადღება არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა. ნათია თურნავას განცხადებით, ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერითა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ ღიად განაცხადა თავისი პოლიტიკური არჩევანის შესახებ.

„ჩვენ ერთგული ვართ ევროკავშირის ენერგობაზრის ფუნდამენტური პრინციპებისა, რომლებიც დაფუძნებულია ბაზრის გახსნილობასა და კონკურენტუნარიანობაზე, მიწოდების უსაფრთხოებაზე, განახლებადი ენერგიის დანერგვასა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობაზე,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ქვეყნის პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისადმი.

„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისადმი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის განვითარების მიმართულებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის (E5P) ფონდი, რომელიც მიმართულია, წაახალისოს ინვესტიციები ენერგოეფექტურობის მიმართულებით და გარემოსდაცვითი პროექტები ჩვენს რეგიონში. ყველა ასეთ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურისა და მწვანე ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერისთვის,” – განაცხადა ნათია თურნავამ E5P – ის ასამბლეაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გარდა, ასამბლეაზე მოხსენება გააკეთეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების – უკრაინის, ბელარუსის, სომხეთისა და მოლდოვას წარმომადგენლებმაც.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდი (E5P) 200 მილიონი ევროს მოცულობის მრავალ-დონორიანი ფონდია, რომელიც შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ენერგოეფექტური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით. ფონდი დაფუძნდა შვედეთის მთავრობის ინიციატივით 2009 წელს, ევროკავშირში შვედეთის პრეზიდენტობის პერიოდში. საქართველოსთვის E5P-ის 23 მილიონი ევროს ოდენობის ფონდი აქვს. E5P-ის გრანტებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი ასპექტების გაუმჯობესებას, ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობასა და პოლიტიკურ დიალოგს. E5P-ის გრანტები მოქმედებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სესხებთან ერთად მუნიციპალური ინვესტიციებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, მყარი ნარჩენების მართვა, გარე განათება, ადგილობრივი ტრანსპორტი და საზოგადოებრივი შენობების იზოლირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები