ქუთაისსა და ონში სივრცითი მოწყობისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების თემაზე ტრეინინგები ჩატარდა

2019 წლის 18-19 ნოემბერს ქ. ქუთაისსა და ქალაქ ონში, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე” – ფარგლებში, ჩატარდა ტრეინინგები თემაზე: “სივრცითი მოწყობა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება”, იმერეთის რეგიონისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოების თანამშრომლებისათვის.

აღნიშნული რეგიონების მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ინფორმაციას პროექტის მიზნებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. ტრიენინგების ფარგლებში, პროექტის ექსპერტებმა ისაუბრეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურაზე, “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსის” ამოქმედებით განპირობებულ ცვლილებებზე, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტებზე, მათ მიზნებსა და იერარქიაზე, ე.წ. “ინტეგრირებული გეგმებისა” და დარგობრივი გეგმების გამოყენებაზე.

შეხვედრებზე განხილული იქნა კონკრეტული მაგალითები გარემოზე ზემოქმედების პროცედურებთან დაკავშირებით. კერძოდ, განხილული იქნა მაგალითები მუნიციპალიტეტების გენგეგმისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შემუშავების ადგილობრივი მოდელის ძიების მიზნით.

ტრეინინგები ჩაატარეს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ექსპერტებმა – ელენე დარჯანიამ და აკაკი ფანჩულიძემ. შეხვედრებს უძღვებოდა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე.

პროექტს ახორციელებს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ (წამყვანი ორგანიზაცია), „სითი ინსტიტუტი საქართველო“, სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები