კრისტოფ კასტანერი: საფრანგეთში ჩამოსული ქართველებიდან თავშესაფარს შევთავაზებთ მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს

მინდა ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც აპირებს, რომ საფრანგეთში ჩამოვიდეს თავშესაფრის მიღების მიზნით, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ვიქნებით ძალიან მკაცრები და შევთავაზებთ თავშესაფარს მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა ბევრი განაცხადება დაგროვდა, თუმცა საფრანგეთმა 97%-ზე თანხმობა არ გასცა.

“ამა წლის პირველ თვეში, საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით – ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ვიცით, რომ საქართველო არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ხარისხიან სერვისს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან უფასოდ თავის მოქალაქეებს, დაახლოებით, იგივე ვალდებულებებით, როგორც ეს საფრანგეთშია.

მიმდინარე წლის პირველი თვეების განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩამოვიდნენ საფრანგეთში, თუმცა 97% შემთხვევებზე თანხმობა არ იქნა გაცემული.

ჩვენ ქართულ მხარესთან განვიხილეთ კონტროლის ცალკეული მექანიზმების შემოღების საკითხი, მათ შორის გაფრენის და ჩაფრენის აეროპორტებში, ჩვენ გამოვთქვით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. მინდა აღვნიშნო ის მიღწევები, რომლებიც გვაქვს და მადლობა გადავუხადო ჩემს ქართველ კოლეგას მაღალი ხარისხის თანამშრომლობისთვის.

საქართველოში ჩემი ვიზიტის შემდეგ, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო თვეების განმავლობაში ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი კლება, დაახლოებით, 50%-ით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს, რაც შეიძლება მაღალ დონეზე.

თანამშრომლობა მნიშვნელოვანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც და ჩვენ მივესალმებით 3 ქართველი სამართალდამცველის ყოფნას პარიზში, რომლებსაც კიდევ დაემატებათ 2 მეკავშირე ოფიცერი, რომლებიც ჩვენს სამსახურებთან ერთად იმუშავებენ.

მესმის, მიგრაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა, არსებობდეს დელიკატური სიტუაციები, მაგრამ მსურს დავაფიქსირო საფრანგეთის პოზიცია, რომ საფრთხის ქვეშ არ დადგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ბუნებრივია, არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, დავიცვათ ის ადამიანები, როგორც ქართველები, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ვმასპინძლობთ საფრანგეთის საზღვრებში, მაგრამ როდესაც ამ მექანიზმს იყენებენ სხვა მიზნებისთვის, აუცილებელია, რომ გვქონდეს მტკიცე და თანამშრომლობითი პოზიცია.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, უპრეცედენტო რაოდენობით გავზარდეთ საქართველოსთან მიმართებით საკონსულო მიმართულებით მომუშავე კადრების რაოდენობა.

მე მინდა ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც აპირებს, რომ საფრანგეთში ჩამოვიდეს თავშესაფრის მიღების მიზნით, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ვიქნებით ძალიან მკაცრები და შევთავაზებთ თავშესაფარს მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს.

აქვე, მინდა, მივესალმო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ჩართულობას და ძალისხმევას”, – აღნიშნა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები