კიევში ახალი ქართული კინოს XV ფესტივალი შინდისის გმირების და გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება

22 ნოემბერს, 19:00 საათზე, კიევში ახალი ქართული კინოს საიუბილეო ფესტივალი გაიხსნება. ახალი ქართული კინოს XV ფესტივალი შინდისის გმირების და გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება.

ფესტივალი კინოთეატრ “ჟოვტენში” საზეიმო ვითარებაში გაიხსნება და ნაჩვენები იქნება დიტო ცინცაძის ფილმი “შინდისი“, რომელიც ეძღვნება 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებს და წელს ოსკარის დაჯილდოების ნომინანტია.

22-27 ნოემბრის ჩათვლით, საიუბილეო კინოფესტივალის ფარგლებში, ასევე ნაჩვენები იქნება: თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“, გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“, ნინო ჟვანიას „აღლუმი“, დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“, მარიამ ხაჭვანის „დედე“, გიორგი მეგრელიშვილის „ჰამლეტი“ და თეო ჯორბენაძის დოკუმენტური ფილმი „სევდის ანგელოზები“, რომელიც მსოფლიო დონის დიდი ქართველ კომპოზიტორის გია ყანჩელის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს.

ახალი ქართული კინოს ფესტივალი უკრაინის დედაქალაქში უკვე მეთხუთმეტედ ტარდება და წინა წლებთან შედარებით მასშტაბურია როგორც საორგანიზაციო კუთხით, ასევე თავისი შინაარსით და წარმოდგენილი ფილმებით.

მოწვეულ საპატიო სტუმრებს შორის არიან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, ცნობილი რეჟისორები და მსახიობები, ასევე დიპლომატიური კორპუსის, უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლების, ქართული დიასპორისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების წარმომადგენლები.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან – სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, უკრაინის ქართველთა ასოციაცია “იბერიელი“, მხარდამჭერები კი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს საელჩო უკრაინაში.

ქართული კინოფესტივალი ასევე გაიმართება უკრაინის სხვადასხვა დიდი ქალაქებში: დნეპროპეტროვსკში, ხარკოვში, ოდესაში, ლვოვსა და ხერსონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები