თბილისის აეროპორტში რამდენიმე საერთაშორისო რეისი გადაიდო
თბილისის აეროპორტიდან საერთაშორისო ექვსი რეისის გაფრენა რამდენიმე საათით გადაიდო, ამის შესახებ „კვირას“ აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განმარტავენ, კომპანია “პეგასუსს” დღეს დილით, აფრენისას, პრობლემა შეექმნა, რის გამოც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ექვსი რეისი გადაიდო. თვითმფრინავს აფრენისას შეექმნა ტექნიკური პრობლემა, რამაც დანარჩენ ექვს რეისზე იმოქმედა და, შესაბამისად, გაფრენის განრიგმა რამდენიმე საათით გადაიწია. მათი განმარტებით, საფრენი ბილიკი მოყინული იყო და ამან გამოიწვია აფრენის პრობლემა.
“პეგასუსის” რეისი სტამბოლის მიმართულებით, დღეს, 06.20 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა, აფრენის მზადების დროს მოცურდა. მათივე განცხადებით, მგზავრები ტერმინალზე გადმოიყვანეს. როგორც მგზავრები აცხადებენ, ტრანზიტულ მგზავრებს ამის გამო შეექმნათ პრობლემა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, “პეგასუსი” დღეს რეისს, 13.20 საათზე შეასრულებს.