გია ვოლსკი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოგონილი ინსინუაციები უადგილო და არასწორია

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტში 9 ნოემბერს დაკავებულ ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი ღირსებით სავსე ადამიანია და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოგონილი ინსინუაციები უადგილო და არასწორია.

“მინდა, ოკუპირებულ ცხინვალს ხმა მივაწვდინო. ბევრს ვიცნობ, ბევრთან ერთად მოლაპარაკებებში ვმონაწილეობ. მეგობრული ურთიერთობა არავისთან მაკავშირებს, მაგრამ გარკვეული ტრადიციის გარშემო არის გაერთიანებული კავკასიური ერები და ეთნიკური ჯგუფები, მათ შორის ოსები, ქართველები, აფხაზები და სხვები. გარკვეული ღირსება არსებობს, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა ნებისმიერი დაპირისპირების დროს უნდა შეინარჩუნოს. ვაჟა გაფრინდაშვილი ნებისმიერი დაპირისპირების პერიოდში თუ მონაწილეობდა, როგორც ექიმი, დამერწმუნეთ, მზად იყო და იქნება სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ნებისმიერს. ეს არის მისი ფიცი, არის ვაჟკაცი და ღირსებით სავსე ადამიანი. საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოგონილი ინსინუაციები არის უადგილო და არასწორი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტში 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

კერძოდ, ე.წ. უწყების პრეს-მდივნის ეკატერინა ბიაზროვას განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტანი ვაჟა გაფრინდაშვილი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სამხედრო ექიმის სტატუსით, აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები