ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში ქართული საღამო გაიმართა

0

ავსტრიაში, საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით, ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ქართული საღამო, რომელიც ამავე უნივერსიტეტის ხალხური და ეთნომუსიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ 2019 წლის ზაფხულში საქართველოში განხორციელებულ სასწავლო ვიზიტს მიეძღვნა.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურეს და ადგილობრივი ფოლკლორის თავისებურებები შეისწავლეს.

საქართველოსადმი მიძღვნილ საღამოზე სტუდენტებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს და ვრცელი პრეზენტაცია წარადგინეს ქართული ფოლკლორის შესახებ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მათ აგრეთვე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოში მოგზაურობის დროს შეძენილ შთაბეჭდილებებს გადმოსცემს.

ქართულ საღამოზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლეიანმა ელჩმა, დავით დონდუამ. ელჩმა მადლობა გადაუხადა როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ასევე სტუდენტებს ავსტრიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის. თავის გამოსვლაში დავით დონდუამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართულ მუსიკალურ ტრადიციებზე და ხაზი გაუსვა კულტურის სფეროში ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას. სტუმრებს ასევე, სიტყვით მიმართეს ფოლკლორისა და ეთნო მუსიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ურსულა ჰემეტეკმა და უნივერსიტეტის პროფესორმა, ულრიხ მორგენშტერნმა.

ღონისძიებას ვენის კულტურისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, აგრეთვე, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი