ქართველმა ექიმებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თბილისსა და რეგიონებში აქციები გამართეს (ფოტოკოლაჟი)

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად “თეთრი ხალათების ” აქცია თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა.

თბილისში, “მედიქლაბის“ პერსონალმა კლინიკის წინ მდუმარე აქციით, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახში უსაფრთხოდ დაბრუნება მოითხოვა.

ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებმაც მდუმარე აქციით გამოუცხადეს. მედიკოსები ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართავენ და მათი კოლეგის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

“თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს“ ამ მოწოდებით “გორმედის“ ქსელის კლინიკების – გორის საუნივერსიტეტო კლინიკის, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ “იავნანას“, ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს და ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალი “თეთრი ხალათების“ აქციას შეურთდა. მედიკოსებმა სამედიცინო დაწესებულებების წინ 5 წუთის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ექიმის, უკანონოდ დაკავების გამო პროტესტი გამოხატეს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ ქუთაისში, კლინიკების ეზოებში.

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე “თეთრი ხალათების” აქციას ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მედპერსონალიც შეუერთდა.

კლინიკის დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში მომუშავე კოლეგებს მიმართა და მოუწოდა, ისინიც შეუერთდნენ აქციას და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვონ.

“თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე ოზურგეთში, სამედიცინო ცენტრ “მედალფას” შენობის წინ.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარი დაუჭირეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც და ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს.

როგორც ცნობილია, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული და მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები