ადამ კიზინგერი: პროპორციული სისტემის ჩაგდება პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კიზინგერი პროპორციული სისტემის პროექტის ჩავარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ჩავარდნა პუტინისთვის საჩუქარია. კიზინგერი განცხადებას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

“შოკირებული ვიყავი ამ დილით, როდესაც გავიგე, რომ საქართველოს პარლამენტში დაპირებული რეფორმები ჩავარდა მას შემდეგ, რაც თანამდებობის პირებმა ხმა არ მისცეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. გასულ კვირას საქართველოში ჩემი ვიზიტისას კმაყოფილი ვიყავი, რადგან რეფორმის ეს პაკეტი გარდაუვალი ჩანდა. ეს ვალდებულება აღებული იყო საერთაშორისო საზოგადოების და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ხალხის წინაშე. იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდება და გამოსწორდება ძალიან მალე.

როდესაც ამ რეგიონს ვუყურებთ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რუსეთი წარუმატებელი ქვეყანაა მისი რეპრესიული მმართველობის სისტემის გამო. საქართველო არ არის რუსეთი. ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს გაცილებით მეტს, ვიდრე იმას, რაც დღეს მათ პარლამენტმა უჩვენა.

როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები და დაამტკიცონ რეფორმათა ეს პაკეტი. ქართველებს სურთ მთავრობა ხალხის, ხალხისთვის და ხალხი მიერ. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო შეესაბამება დასავლეთს და აღიარებულია, როგორც ნატო-ს მოკავშირე. ამ საკონსტიტუციო დამატების ჩაგდება ვლადიმერ პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება, რაც გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ სრული დამოუკიდებლობისა და აგრესიული მეზობლისგან გამოცალკევებისთვის მიაღწია“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ გაიმართება. კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო, თუმცა 101 მიიღო. 3 დეპუტატი კანონპროექტის წინააღმდეგი იყო, სხვებმა კი თავი შეიკავეს.

ამის გამო უმრავლესობა ჯამში 11-მა დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი, მარიამ ჯაში, გიორგი ბეგაძე, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე, გიგა ბუკია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები