მე-12 ბატალიონმა “მტკიცე მხარდაჭერის” სამშვიდობო მისია 43-ე ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონმა “მტკიცე მხარდაჭერის” სამშვიდობო მისია 43-ე ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარა.


დღეიდან I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი ავღანეთში მიმდინარე მისიის ფარგლებში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს.
თავდაცვის სამინისტოს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა, ბრაიან ვოლფორდმა 43-ე ბატალიონის ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველმა სამხედროებმა სამშვიდობო მისია მაღალ დონეზე შეასრულეს და მათ მხარდამხარ სამსახური საამაყოა.
სამშვიდობო მისიის ოფიციალური გადაბარების ცერემონიალზე შესრულდა საქართველოს, აშშ-ის და ავღანეთის ეროვნული ჰიმნები. ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. უწყების ცნობით, ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ, თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობის სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა და 43-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და ქართული სამეკავშირეო ჯგუფის ამერიკელი საზღვაო ქვეითები სამშვიდობო მისიის მედლებითა და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კი, 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე უწყებრივი მედლით “სამშობლოსათვის თავდადებული” დაჯილდოვდა.
​უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალურ ცერემონიალს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები და სამოქალაქო პირები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები