ლელა აქიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე და ავსახოთ ის ყველა საჯარო დოკუმენტსა თუ სტრატეგიაში, რომელზეც ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ

“მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე და ავსახოთ ის ყველა იმ საჯარო პროგრამაში, საჯარო დოკუმენტსა თუ სტრატეგიაში, რომელზეც ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, თანასწორობის კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში თანასწორობის პირველი კვირეულის ჩატარება მნიშვნელოვანი განაცხადია ევროპის საბჭოსა და კვირეულის ორგანიზებაში ჩართული საჯარო უწყებების მხრიდან.

„თანასწორობა გარანტირებულია ჩვენი კონსტიტუციით, თუმცა თანასწორობაზე საუბრისას ის იდეალისტურ ღირებულებად წარმოგვიდგება და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე და ავსახოთ ის ყველა იმ საჯარო პროგრამაში, საჯარო დოკუმენტსა თუ სტრატეგიაში, რომელზეც ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ. ჩვენი მხრიდან ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და უახლოეს მომავალში ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ პრემიერის ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობა, იმისათვის, რომ პრემიერის ადამიანის უფლებათა საბჭოს გახდეს სწორედ თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი და დასაყრდენი ქვეყანაში, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისას. თანასწორობის მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომ უახლოეს მომავალში მივიღოთ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის ერთი თავი, რომელის ადამიანთა თანასწორობას ეხება, რათა უახლოეს მომავალში ეს თავი დამტკიცდეს. ამით კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს თანასწორობას და იმ უფლებებს, რაც ამ თავში უნდა ყოფილიყო ასახული”, – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

კვირეულის გახსნის ღონისძიება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. კვირეულის მიზანია ტოლერანტობის გაზრდა, ასევე დისკრიმინაციის მსხვერპლთა მეტი ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა საჯარო უწყებების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები