დავით უსუფაშვილი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ შეიძლება ვადამდელი არჩევნები დაგვეცეს თავზე

მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ შეიძლება ვადამდელი არჩევნები დაგვეცეს თავზე, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კიდევ ერთი საკითხია, უნდა ვიყოთ, თუ არა ჩვენ იმისთვის მზად, რომ ივანიშვილმა უცებ, როგორც უკვე ჩაიდინა ეს ფოკუსები, ხვალ გადააყენოს მთავრობა, მერე პარლამენტში, ვინაიდან უმრავლესობაში ვითომ გაუგებრობებია, მთავრობა ვეღარ შეიქმნას, შემდეგ კი გვითხრას – რა ვქნა, მთავრობა ვერ იქმნება, პარლამენტი დასათოხვია, ე.ი არჩევნები 2 თვეში ტარდებაო. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. პოზიცია, რომ ბოიკოტზე წავალთ, ეს არაა პოზიცია. იმასაც ეს უნდა.

ჩვენ უნდა ვითხოვდეთ და გავაგრძელოთ მცდელობა პროპორციული არჩევნებისთვის შესაძლო ვარიანტებით. ამასთანავე უნდა ვიყოთ მზად იმისთვისაც, რომ შეიძლება ვადამდელი არჩევნები დაგვეცეს თავზე. თუ ეს მოხდა, არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციურ სპექტრში ვინმეს ეს გაუხარდეს, ვისთვისაც ეს გზა ასევე მისაღებია. არა მგონია, რომ მოსახლეობისთვის ეს გასახარი იყოს, იმიტომ რომ ეს ნაკლებად იქნება არჩევნები,უფრო მეტად იქნება გლადიატორების შერკინება, შესაძლო ზიანით ქვეყნისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები