გია ყანჩელზე გადაღებული ფილმის – „სევდის ანგელოზების“ პრემიერა გაიმართება და მისი ნაწარმოებები შესრულდება

22-24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კინოთეატრი „ამირანი“ უნიკალურ პროექტს უმასპინძლებს. გია ყანჩელის შესახებ გადაღებული ფილმის „სევდის ანგელოზების“ პრემიერა გაიმართება და კინოთეატრის სცენაზე მაესტროს ნაწარმოებები ცოცხლად შესრულდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საკონცერტო პროგრამაში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მის სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი ცაგარელი, ლიზა ბაგრატიონი, ნუცა თოფურია, სანდრო ნებიერიძე, ანნა ჭანია, სანდრო გეგეჭკორი, ვოკალური სექსტეტი The Georgian Six და სხვა.
პროექტი წარმოგიდგენთ საპრემიერო ნაწარმოებებს: 22 ნოემბერს პროგრამას გახსნის მუსიკალური საზოგადოების 2019 წლის მთავარი აღმოჩენა – 10 წლის კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას საკუთარ ნაწარმოებს მიუძღვნის. ხოლო 24 ნოემბერს 9 საერთაშორისო გრან-პრის მფლობელი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი და თეა დარჩია, კომპოზიციაზე „სევდა“, მაესტროს ხსოვნისადმი მიძღვნილ სპეციალურ ქორეოგრაფიულ ნომერს წარმოადგენენ.

22 ნოემბერი

22 ნოემბერს პროექტი გაიხსნება პრემიერით, მუსიკალური საზოგადოების 2019 წლის მთავარი აღმოჩენა 10 წლის კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე გია ყანჩელის ხსოვნას საკუთარ ნაწარმოებს მიუძღვნის.
გია ყანჩელის ნაწარმოებებს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გიორგი ცაგარელი (ალტი), დავით შამანაური (საყვირი), ლიზა ბაგრატიონი (ვოკალი) შეასრულებენ.

23 ნოემბერი

23 ნოემბერს, გიორგობას, გია ყანჩელის ნაწარმოებებს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ახალი თაობის ვარსკვლავები შეასრულებენ: ნუცა თოფურია (ვოკალი), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო) ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა), რეზი მარშანია (ფორტეპიანო).
საღამოში ასევე მონაწილეობას მიიღებს ლევან დეისაძე (ბასი).

24 ნოემბერი

24 ნოემბერს, პროექტის დახურვის დღეს, 9 საერთაშორისო გრან-პრის მფლობელი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი და თეა დარჩია მაყურებელს პრემიერას წარუდგენენ. მაესტროს ხსოვნისადმი მიძღვნილი სპეციალური ქორეოგრაფიული ნომერი შესრულდება კომპოზიციაზე „სევდა“.
გია ყანჩელის ნაწარმოებებს შეასრულებს ვოკალური სექსტეტი The Georgian Six.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები