ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანტონიო ბარტოლის და ახალი, გაუყინავი ხილისა და ბოსტნეულის უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის Macfrut პრეზიდენტს, რენცო პირაჩინოს შეხვდა.

გამოფენის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ლევან დავითაშვილმა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის მეხილეობის, როგორც ტრადიციული აგრარული დარგის მნიშვნელობაზე და პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

“ისეთი მასშტაბის გამოფენაში, როგორიცაა Macfrut მონაწილეობა ჩვენს ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი პროდუქცია, პრაქტიკულად, მსოფლიოს გააცნონ. ამავე დროს, მისასალმებელია გამოფენის პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა, საქართველოს მხარის გამოფენაში აქტიური ჩართვის შემთხვევაში, მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღონ ქართველმა მწარმოებლებმა და რეალიზატორებმა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების გაშენებასა და სანერგე მეურნეობების შექმნის მიმართულებით მიმდინარე ფინანსური მხარდაჭერის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო პროექტზე “დანერგე მომავალი“.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ხილისა და ბოსტნეულის წარმოება მზარდია და, შესაბამისად, ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში ფერმერების მხარდაჭერა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია.

აღნიშნული გამოფენა იტალიის ქალაქ რიმინიში ყოველწლიურად ტარდება, 43 ათას ვიზიტორს მასპინძლობს და მწარმოებლებს მსოფლიო მასშტაბით სარეალიზაციო ბაზრების მოძიების შესაძლებლობებს აძლევს.

კომენტარები

კომენტარი