ისრაელში ვითარება უკიდურესად დაიძაბა – რას ჰყვებიან ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები (ვიდეო)

ისრაელის ქალაქ სდეროთში ღაზას სექტორიდან გაშვებული ორი რაკეტა ჩამოვარდა. თელ-ავივში, ბათ-იამში, ჰერცილიასა და რიშონ ლე-ციონში გამაფრთხილებელი განგაში ამოქმედდა.

როგორც ჰერცილიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე „კვირასთან“ საუბარში ამბობს, განგაშის სიგნალის ამოქმედების შემდეგ ხალხი სამალავებში გადაიყვანეს.

„რასაც ბომბავენ იქიდან შორს არ ვარ. ჰერცილიაში ვარ. სამალავში დაგვმალეს და ბომბებს ჰაერშივე აფეთქებენ. ძალიან მეშინია“, – ამბობს საქართველოს მოქალაქე.

კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ამჟამად თელ-ავივში იმყოფება „კვირასთან“ საუბარში ჰყვება, რომ ქალაქში პანიკაა, თუმცა ხალხი სამალავებში არ გადაუყვანიათ.
მისივე თქმით, ქალაქში ხალხი საუბრობს იმაზე, რომ მოსალოდნელია ღაზას სექტორის მხრიდან დღის ბოლოსთვის თელ-ავივზე საჰაერო იერიშის მიტანა.

ისრაელის ტერიტორიის მისამართით ნასროლ რაკეტებს წინ ისრაელის თავდაცვის არმიის მიერ ღაზას სექტორში გატარებული ოპერაცია უძღოდა, რომლის შედეგად დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი ლიდერის ბაა აბუ ალ ათას და მისი მეუღლის ლიკვიდაცია მოხდა.

ისრაელმა „ჰამასი“ გააფრთხილა, რომ მის წინააღმდეგ იერიში განხორციელდება, თუ „ისლამური ჯიჰადის“ სარაკეტო იერიშებს შეურთდება: „თუ დაგვარტყამთ, ჩვენც დაგარტყამთ“.

ისრაელის არმიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ტერორისტის ლიკვიდირების შემდეგ ქვეყნის მისამართით ათობით რაკეტა გაუშვეს. არმიაში ასევე ვარაუდობენ, რომ ტერორისტებმა, შესაძლოა, ქვეყნის ცენტრიც დაბომბონ.

ისრაელის სამხრეთით სკოლებში სწავლა გაუქმდა.

თავის მხრივ, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში ორი დაღუპულის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.

ღაზას სექტორში სკოლებში სწავლა გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები