თეოლოგი: მეუფე იაკობის არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული განცხადებები არ შეიძლება გადაიფაროს სიტყვა, “ბოდიშით”

მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებების გადაფარვა ერთი სიტყვით, როგორიცაა „ბოდიში“ ან „მაპატიეთ“, არის სრულიად შეუსაბამო იმ საზოგადოებრივი და საეკლესიო ინტერესებისთვის, რომელიც იცავს და უნდა დარაჯობდეს სიმართლეს, – ამის შესახებ თეოლოგმა ლადო ნარსიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თეოლოგი მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებსა და სინოდის გუშინდელი სხომიდის შედეგებს გამოეხმაურა.
ლადო ნარსიამ ასევე აღნიშნა, რომ მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო.

„ნებისმიერი ინპტერპრეტაცია ჩემი მხრიდან იმის შესახებ, თუ რაზე ითხოვა მეუფე იაკობმა შენდობა, არ იქნებოდა ზუსტი. მე უბრალოდ, შემიძლია ის გითხრათ, რომ მეუფე იაკობის განცხადება იყო უკიდურესად სკანდალური არაერთი მიამრთულებით. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ასეთი სკანდალური განცხადებების გადაფარვა ერთი სიტყვით, როგორიცაა „ბოდიში“, ან „მაპატიეთ“, არის სრულიად შეუსაბამო იმ საზოგადოებრივი და საეკლესიო ინტერესებისთვის, რომელიც იცავს და უნდა დარაჯობდეს სიმართლეს, საზოგადოების ინტერესს. როცა მეუფე იაკობი საშინელებებს ამბობს მის კომენტარებში, არაფხიზელ მდგომარეობაში, არ შეიძლება ასეთი მაღალი მგრძნობელობის და ინტერესის საკითხები გადაიფაროს ამ ერთი სიტყვით. ეს არის სახე დღევანდელი სინოდაისა და იმ წესების, რომლითაც ისინი მართავენ ეკლესიას.

პროკურატურა ვალდებული იყო, გამოძიების წესით დაესაბუთებინა მეუფე იაკობის განცხადების ლოგიკურობის სტანდარტებთან შესაბამისობა. აუცილებელი იყო დაეწყოთ გამოძიება ფორმალური სახით ჩვენ უნდა დაგვენახა, რომ გამოძიებამ ვერ დაადასტურა იაკობის განცხადებების წინააღმდეგობრიობა კანონთან“, – განაცხადა ლადო ნარსიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცა გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებული იქნება მკაცრი ზომები.

ოქმში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სინანული გამოხატა არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.

„წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.

წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები“, – აღნიშნულია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.
ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური სთავაზობდნენ პატრიარქის გადაყენებას. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.
“პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მერე – მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები