სექტემბერში საქართველოს მთავარი საექსპორტო პარტნიორი სომხეთია, საიმპორტო კი თურქეთი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტით შემცირდა და 446.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო თვეში საქონლის რეგისტრირებულმა ექსპორტმა წლიურად 0.5 პროცენტით მოიმატა და 302.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4.0 პროცენტით 748.6 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
2019 წლის სექტემბერს მდგომარეობით ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: თურქეთი ( 19%), რუსეთი ( 13%),ჩინეთი ( 10%), აშშ (5%), გერმანია (4%), აზერბაიჯანი ( 4%) და სომხეთი ( 4%).ჯამურად, 7 ძირითად სავაჭრო პარტნიორზე მთლიანი იმპორტის 59 პროცენტი მოდის. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებულია.
რაც შეეხება ექსპორტს, 2019 წლის სექტემბერს მდგომარეობით ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: სომხეთი ( 14 %), აზერბაიჯანი ( 12%),რუსეთი (11% ), ჩინეთი ( 10%), აშშ (8%), უკრაინა ( 5%) და ბულგარეთი ( 5%).ჯამურად 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორის წილი მთლიანი ექსპორტის 64 პროცენტს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით ექსპორტი მეტად დივერსიფიცირებულია.