თამარ ჩუგოშვილი: კელი დაგნანის განცხადება ამერიკის ოფიციალურ პოზიციასთან თანხვედრაში იყო

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილ კელი დაგნანის განცხადებები ამერიკის ოფიციალურ პოზიციასთან თანხვედრაში იყო. თუმცა მისივე თქმით, ამაში ოპოზიცია ცდილობს დაინახოს და ამოიკითხოს ისეთი რაღაცები, რაც არ ყოფილა.

„ყველა იმ საკითხზე, რაზეც განხილვის დროს იყო საუბარი, ყველა ის თემაა, რომელზეც საქართველო წლებია მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პროგრამებთან ერთად, როგორც მართლმსაჯულების მიმართულებით, ასევე ზოგადად მმართველობის ფორმების და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით. ამიტომ, ამ საკითხების აღნიშვნაში ბუნებრივია გასაკვირი და უცნაური არაფერია. უცნაური ის იქნებოდა, ეს საკითხები რომ არ ყოფილიყო ხაზგასმული, იმიტომ, რომ ეს არის ის მიმართულებები, სადაც ამერიკის მთავრობა დახმარებას გვიწევს, ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში. ელჩის კანდიდატის განცხადება იყო ამერიკის ოფიციალურ პოზიციასთან თანხვედრაში. გამოყოფილი იყო, როგორც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი უსაფრთხოების თემები, ასევე ის საკითხები, რაზეც ეკონომიკის გაძლიერების კუთხით ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ უკვე ათწლეულზე მეტია. ჩვენი ქვეყნისთვის რომ მომავალ წელს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესი იქნება საპარლამენტო არჩევნები, ეს არ არის სიახლე, არც ჩვენთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ყველამ ვიცით, რომ უმნიშვნელოვანესი არჩევნები გველის წინ. ჩვენი პარტნიორები ჩართულნი არიან ამ პროცესში, ჩვენ ერთად ვმუშაობთ საარჩევნო რეფორმაზე”,-განაცხადა ჩუგოშვილმა.
​ცნობისთვის, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატმა, კელი დეგნანმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმუშავებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა დარწმუნდეს, რომ საქართველოში 2020 წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

​კელი დაგნანმა აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა. მისი თქმით, აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები